top of page

შენი ხმა მედიიდან ისმის

Updated: Nov 2


ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფალი მედიის როლი, ის, თუ როგორ გვეხმარება ჟურნალისტების მიერ პოლიტიკური, სოციალური თუ საზოგადოებრივი საკითხების გაშუქება, გავიგოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, ხშირად, დაუფასებელია. ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი მედია რომ არა, კორუფციის მასშტაბის, თანამდებობის პირების მდიდრული სასახლეების, პროევროპული ქუჩის აქციების დარბევებისა თუ ნაცემი ახალგაზრდების შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა. ოპერატორის კამერით აღბეჭდილი ფაქტები ან ჟურნალისტის მიერ მოყოლილი ამბები ხშირად ყველაზე კარგი საშუალებაა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად.


ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მედია არის საშუალება, რომ მოქალაქეებმა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე და ხმა მიაწვდინონ ფართო საზოგადოებას უსამართლობაზე, გაუმართავ სახელმწიფო სერვისებზე თუ დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სწორედ მედიაში გაშუქების შედეგად აღუდგა სოფლებს წყალმომარაგება, ხოლო უკანონოდ დაკავებულმა თუ დაჩაგრულმა ადამიანებმა სამართალი ნახეს.

ეს ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან ხელისუფლება ხშირად არ რეაგირებს მოქალაქეების პრობლემებზე და ნაცვლად ამისა, ცდილობს გააჩუმოს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია.


საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გახშირდა ხელისუფლების მიერ მედიის შევიწროება. თავისუფალი მედიის გაუფასურებისა  და დისკრედიტირების არაერთ მცდელობას ვხედავთ, და ისინი, ხშირად, სახელმწიფოს მხრიდან არის წახალისებული. სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს საზოგადოების ინტერესის მოწინააღმდეგედ წარმოაჩინოს ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების საქმიანობას. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება.


კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოცხადებული საინფორმაციო ომის პარალელურად, იზღუდება ჟურნალისტური საქმიანობა ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომელიც ხალხს ეკუთვნის. ამის მაგალითია, მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები და გადაწყვეტილებები პარლამენტში ონლაინმედიის და რამდენიმე კრიტიკული მედიის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მედიაზე თავდასხმა ვლინდება ჟურნალისტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებაში.

მედიის საქმიანობის ხელშეშლის წლების განმავლობაში გამოვლენილი წერტილოვანი მცდელობები, 2024 წლის მაისში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რუსული კანონის“ მიღებით გააგრძელა. ამ კანონს ქართულმა საზოგადობამ ეს სახელი იმიტომ შეარქვა, რომ რუსეთში მსგავსი შინაარსის კანონი სწორედ პუტინის ინიციატივით მიიღეს და არ გვინდა იმავე შედეგის მიღება, რაც დღეს რუსეთშია: კრიტიკული აზრი არ ისმის, მოქალაქეები უსიტყვოდ ემორჩილებიან ხელისუფლებას, მათი უფლებები კი არავის აინტერესებს.


საქართველოში მიღებული „რუსული კანონი“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში ხალხის პრობლემებზე წლობით სიმართლის მოლაპარაკე მედიებს უქმნის საფრთხეს. მათ შორის არის: „მთის ამბები“, „სამხრეთის კარიბჭე“, „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“ და სხვები. თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც მაღალჩინოსნების უხილავ მანკიერებებს ავლენს - საზოგადოებას აცნობს კორუფციულ სქემებსა და გარიგებებს, პოლიტიკოსთა გამდიდრების წყაროებს, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას, მაღალჩინოსნებთან ნათესაობის გამო მიღებულ ინფორმაციას ტენდერების შესახებ.


კრიტიკა და სიმართლე არცერთი ხელისუფლებისთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ ევროპულ დემოკრატიებში არსებობს თავისუფალი მედიის დაცვის მექანიზმები, დადგენილი თამაშის წესები, რომელთა დაცვაც ხელისუფლებას უწევს. საფრანგეთში, გერმანიასა თუ ბალტიის ქვეყნებში, მედია არ ისჯება ხელისუფლების კრიტიკის ან მოქალაქის პრობლემების გაშუქების გამო. სიტყვის თავისუფლება ევროპული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რადგან  მოქალაქის ხმას, მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების კონტროლს და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროპული კეთილდღეობა, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფის, შეუძლებელია იმ ფუნდამენტის გარეშე, რომლის ნაწილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოსაზრებების, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება, რასაც არ მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები და პროპაგანდისტული ტყუილები.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლის თვალსაზრისით.


ევროინტეგრაციას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, ვინაიდან თითოეულ მოქალაქეს სურს ევროპული კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან არის  დაკავშირებული.

ერთპარტიული მმართველობისა და სახელისუფლებო საინფორმაციო არხების პირისპირ დატოვებული მოსახლეობა ცვლილებებს ვერ მოახდენს. დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გარეშე კი, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა წარმოუდგენელია.


თავისუფალი არჩევნებისა და მრავალპარტიული დემოკრატიის პირობებში საქართველო გადადგამს დაჩქარებულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ გამოიყენოს ევროკავშირის გაფართოების ეს მომენტი, მათ შორის, დამოუკიდებელი მედიის საშუალებით გააძლიეროს ამომრჩევლის, მოქალაქის, სოფლისა თუ ქალაქის მკვიდრის ხმა.




მედიის ადვოკატირების კოალიცია

100 views
bottom of page