top of page

საქართველოში რუსული თოჯინები (ვერ) იცინიან


 

„გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან“


შოთა რუსთაველი

 

არჩევნებში საინფორმაციო ჩარევაში ძირითადად არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელება, კიბერთავდასხმები და პროპაგანდისტული მეთოდებით ამომრჩეველთა დაბნევა იგულისხმება. ამ ღონისძიებების მიზანი, როგორც წესი, დემოკრატიული წყობილებების დესტაბილიზაცია, საზოგადოებაში უთანხმოების დათესვა და საბოლოოდ სახელმწიფოს დასუსტებაა. ბოლო თორმეტი წელია დემოკრატიული სამყარო არჩევნებში რუსული და მისი მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოების ჩარევასთან გამკლავებას მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს და შეისწავლის.


უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში ამგვარი გამოწვევების წინაშე საქართველოც დგას.


ყირიმის ანექსიის შემდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ინსტრუმენტებით რუსეთმა არაერთი მყარი დასავლური დემოკრატიის არჩევნებისთვის სცადა ზიანის მიყენება. ამის გამორჩეული მაგალითია 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტაბების საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც რუსულმა სპეცსამსახურებმა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების კომპლექსური შეტევა განახორციელეს. კრემლის სპეცსამსახურებმა გატეხეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონგრესისა და პარტიის ლიდერების ელექტრონული ფოსტის სერვერები, ასევე, ამერიკული საზოგადოების დაპირისპირების მიზნით წამოიწყეს დეზინფორმაციის კამპანია სანკტ პეტერბურგში მდებარე ტროლების ქარხნიდან, რომელიც შენიღბული იყო, როგორც „ინტერნეტ კვლევის სააგენტო“. მოგვიანებით,  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური მომხსენებლის, რობერტ მიულერის ანგარიშის მიხედვით, „ინტერნეტ კვლევების სააგენტოში შექმნილი იყო მრავალრიცხოვანი სოციალური მედიის ანგარიში, რომლებიც ამერიკელებად ასაღებდნენ თავს და ავრცელებდნენ სიძულვილს, აგრესიას და ცრუ ინფორმაციას.

აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შემდეგ, წლიდან წლამდე გაიზარდა იმ ქვეყნების სია, სადაც რუსეთი დემოკრატიისთვის საფუძვლის გამოცლას, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის ბზარის გაჩენას და მათ დაპირისპირებას ცდილობს.


უკრაინაში შეჭრის შემდგომ, რუსეთი დასავლური საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედებას ახალი საინფორმაციო ოპერაციებით ცდილობს. ერთ-ერთი ასეთი გამოაშკარავებული ოპერაცია „დოპელგენგერია“. ეს ღონისძიება 2022 წლის მაისიდან ამოქმედდა და მუშაობს უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის და აშშ-ის საზოგადოებრივ განწყობებზე, რომლის მიზანია უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების პოლიტიკისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამოცლა.  


„დოპელგენგერის“ ოპერაცია შენიღბულად და ინტენსიურად მუშაობს დასავლურ საზოგადოებაში შემდეგი აზრების დასამკვიდრებლად:

1.რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უშედეგოა;

2.დასავლეთი არის რუსოფობი ანუ რუსთმოძულე;

3.უკრაინული არმია ბარბაროსულია და შედგება ნეონაცისტებისგან;

4.უკრაინელი ლტოლვილები პრობლემას უქმნიან ევროპის სახელმწიფოებს.


კამპანია ევროკავშირის დეზინფორმაციის ლაბორატორიამ 2022 სექტემბერში გამოააშკარავა.

„დოპელგენგერის“ საფარქვეშ იქმნებოდა ყალბი, კლონირებული საინფორმაციო და სამთავრობო ვებსაიტები, რომლებიც ახდენდნენ სანდო და ცნობილი დასავლური მედიასაშუალებების, სამთავრობო უწყებების კოპირებას, მაგრამ ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ასე მაგალითად, 2023 წლის კომპანია მეტას უსაფრთხოების ანგარიშში გამოაშკარავდა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს დუბლირებული ჰქონდათ „ფოქს ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტის“ და ნატოს ვებსაიტები და მათი სახელით ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას.


მეორე რუსული ოპერაცია, ცნობილია სახელით „მატრიოშკა“, რომელიც დეზინფორმაციის მრავალი შრით არის წარმოდგენილი და სხვა ინსტიტუტებთან ერთად ფაქტების გადამმოწმებელია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ეს რუსული საინფორმაციო ოპერაცია დეტალურად გამოააშკარავა საფრანგეთის უცხოური ციფრული ჩარევებისგან დაცვის სამსახურმა VIGINUM-მა. სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ოპერაცია „მატრიოშკა“ სულ მცირე, 2023 წლის სექტემბრიდან შემდეგი სქემით მოქმედებდა: მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ანგარიშები პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) პოსტავდნენ ყალბ კვლევებს, რეპორტებს, გრაფიტებს, მიმებს და სხვ., რომლებიც შემდეგ მასობრივად და კოორდინირებულად ვრცელდებოდა. ოპერაციის მთავარი მიზანი ანტიუკრაინული განწყობების დათესვა და ფრანგულენოვან საზოგადოებაში საფრანგეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უკმაყოფილების გამოწვევა, ასევე, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დისკრედიტაციაა.


დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამგვარი საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, მედიასაშუალებები, გამომძიებელი ჟურნალისტები, სოციალური მედიის კომპანიები და სახელმწიფო ინსტიტუტები. რამდენადაც, როდესაც სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურები შენიღბულად ცდილობენ სახელმწიფოს საზოგადოების მასობრივად მოტყუებას, დახლეჩას და დაპირისპირებას, დღის წესრიგში დგება ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომლის დაცვა სახელმწიფოს ამოცანაა. დემოკრატიული სახელმწიფოები საზოგადოებას ეხმარებიან დაიცვან თავი საინფორმაციო მანიპულაციებისგან და არ გახდნენ უნებური იარაღი მტრის ხელში.


საქართველოში რუსული ჩარევისა და საინფორმაციო მანიპულაციების მცდელობები უცხო არ არის. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში, კომპანია მეტამ გამოაცხადა, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოშიც აღმოაჩინა და წაშალა რუსეთიდან მართული დეზინფორმაციული, კოორდინირებული ქსელი, რომლის ამოცანა საქართველოში იყო რუსული კანონის მხარდაჭერა და არასამთავრობო ორგანიზაციების და პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაცია.


რუსულ დეზინფორმაციასა და სხვა საინფორმაციო ოპერაციებთან გამკლავების საქმეში, მოქმედი ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ არის საქართველოს საზოგადოების მოკავშირე. მეტიც, საქართველოს მოსახლეობას შიდა, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ დეზინფორმაციასთანაც უწევს შეჭიდება:

მაგალითად, ახლო წარსულშიკომპანია მეტას 2023 წლის გამოძიების თანახმად, სამთავრობო სტრატკომი, რომელიც დონორების დახმარებით რუსულ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად შეიქმნა, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციისთვის ფეისბუქზე 24-საათიან რეჟიმში ანონიმურად მუშაობდა.

საქართველოს საზოგადოებამ 26 ოქტომბერს რეფერენდუმის ტოლფასი არჩევანი უნდა გააკეთოს ევროკავშირსა და რუსულ ჭაობს შორის. ამ ფონზე, მოულოდნელი არ იქნება ინფორმაციული მანიპულაციები და ხრიკები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდება.

თუმცა რუსული სტილის საინფორმაციო ოპერაციები მასობრიობის, ალტერნატიული რეალობის გამოგონების ტლანქ და აგრესიულ მოდელზე დგას, რაც მის ამოცნობას შესაძლებელს ხდის. მით უფრო, რომ საქართველოს საზოგადოებას დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან გამკლავების ისტორიულად ჩამოყალიბებული გამოცდილება აქვს, რასაც ემატება ქართული სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამედროვე ინფორმაციული წიგნიერების განვითარება, ახალგაზრდა ამომრჩევლები, რომლებიც უფრო და უფრო ნაკლებად არიან პროპაგანდისტული ხრიკების მსხვერპლი. შესაბამისად, დღეს, ქართულ საზოგადოებას არა მხოლოდ დეზინფორმაციასთან და საინფორმაციო მანიპულაციებთან გამკლავების, არამედ მისი დამარცხების ისტორიული შანსიც აქვს.




ნინო რიჟამაძე

627 views
bottom of page