top of page

რესპუბლიკის არჩევანი

Updated: Oct 3



26 ოქტომბერს საქართველო მოქალაქეებს არჩევანის გასაკეთებლად მოუწოდებს. ეს ის დღეა, როცა საარჩევნო უბანში მისვლა აუცილებელი საქმეა და აი, რატომ. ბევრჯერ გვსმენია და უკვე გაცვდა კიდეც ფრაზა: „დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხალის ძალაუფლებას“.

ოღონდაც, ჩვენ ძველ საბერძნეთში არა ვცხოვრობთ, პირდაპირი დემოკრატია არა გვაქვს, სადაც თითოეულ მოქალაქეს ვეკითხებით მოსაზრებას ყოველი კანონის მიღების წინ. ჩვენი კონსტიტუცია ადგენს წარმომადგენლობით რესპუბლიკას - სადაც ხალხი დეპუტატებს ირჩევს თავიანთი ნების გამოსახატად. ამგვარ, წარმომადგენლობით დემოკრატიულ წყობაში კი მუდმივი დაძაბულობაა „დემოსსა“ და „კრატიას“, ხალხსა და ძალაუფლებას შორის. „დემოსის“ მხარეს გადაიხრება ზედმეტად სასწორის პინა და ჯანყს მივიღებთ. მმართველები გადაქაჩავენ თავისკენ საბანს და მივიღებთ დიქტატურას, დემოკრატიის აღსასრულს.


რა აწონასწორებს დემოკრატიულ რესპუბლიკას?

ორი რამ: კანონიერება და არჩევნები.

კანონიერება, კანონის უზენაესობა იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციიდან დაწყებული კანონები ადგენს ჩვენი საზოგადოებრივი თანაცხოვრების ძირითად პრინციპებს და შემდეგ საგნობრივ გამოხატულებას ანიჭებს მათ: გვაძლევს უფლებების განხორციელების საშუალებას, სჯის კანონდამრღვევს. რესპუბლიკური იდეალით, კანონს უნდა იცავდეს და მისი ქვემდებარე იყოს თანაბრად დემოსიც და მმართველიც, რათა ყველამ თავისთვის განსაზღვრული როლი შეასრულოს რესპუბლიკის მართვაში.


არჩევნები, საშუალებაა, რომლითაც მოქალაქეები ადასტურებენ საკუთარ ნებას ორი თვალსაზრისით: ერთი მხრივ, არჩევნებზე მისვლა ნიშნავს თანხმობას, რომ მზად ვართ განვაგრძოთ რესპუბლიკაში ცხოვრება, მისი წესების მიყოლა, ჩვენი ერთიანი მომავლისადმი ერთგულება. მეორე მხრივ კი, არჩევნები შესაძლებლობაა ამ რესპუბლიკური, კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში ავირჩიოთ პოლიტიკური აზრების მრავალფეროვნებიდან ისეთი, რომელიც უკეთ ასახავს ჩვენს ახლანდელ განწყობას.

და, აი, ჩვენს მთავარ სათქმელთანაც მოვედით.


ამ არჩევნებზე ჩვენი ახლანდელი მმართველი ძალა მოითხოვს აბსოლუტურ ძალაუფლებას, უფლებას, შეცვალოს კონსტიტუცია და ამრიგად, ჩვენი საერთო ცხოვრების წესი თავის იშტაზე. მათი წინასაარჩევნო დღის წესრიგი რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იქიდანაც ჩანს, რომ ფუძემდებლური კანონის არსის შეცვლა სურთ. ისინი ამბობენ, რომ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს - მტერია და მოსყიდული. ეს არც ახალი მიდგომაა და არც ახლებური საუბარი, სწორედ ასე სრულდება რესპუბლიკები, ასე სრულდება დემოკრატია.


დემოკრატიულ რესპუბლიკაში აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია. თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენშიც და ხშირად საზღვარგარეთაც, ღირებულებებითი კატეგორიებით მძაფრად უპირისპირდებიან ერთმანეთს პარტიები და ამუნათებენ, რომ რაღაცის თქმა არ შეიძლება, ანდა რაღაც თემა ტაბუდადებულია.


მე ასე არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ნებისმიერი თემა უნდა განიხილებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, უნდა იყოს ღია და თუნდაც დაუნდობელი დებატების საგანი. მაგრამ ასეთი დებატების სამართლიანობის პირობაა დამოუკიდებელი ინსტიტუტები და თავისუფალი სასამართლო - ორი საკვანძო ამოცანა, რომლებიც დამაკმაყოფილებლად ჯერაც ვერ გადაგვიჭრია.

ჩემი აზრით, დღეს მთავარია არა ღირებულებების ბრძოლა, არამედ პრინციპებისადმი ერთგულება, იმ პრინციპებისადმი, რომლებიც კანონიერების საფუძველს წარმოადგენს და კონსტიტუციაშია ჩაწერილი. უკანასკნელი გამოკითხვებით, ჩვენი თანამოქალაქეების 67% მიიჩნევს, რომ დემოკრატია ყველა სხვა პოლიტიკურ წყობაზე უკეთესია. მოსახლეობის ამ უდიდეს უმრავლესობას ახლა აქვს საშუალება საქმით დაამტკიცოს საკუთარი რწმენა, რომ საქართველოს მომავალი დემოკრატიული უნდა იყოს.

მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რათა რესპუბლიკის პრინციპები დავიცვათ, შევინარჩუნოთ პოლიტიკური მრავალხმიანობა, რომელიც ჩვენი თავისუფალი რესპუბლიკის ხშირად აბეზარი, ზოგჯერ სასოწარმკვეთი, მაგრამ გარდაუვალი, აუცილებელი ნაწილია, მისი საკვანძო განმასხვავებელია დიქტატორული რეჟიმისაგან.


ჩვენი თავისუფლება რომ სწორედ მომავალს უძღვნის დიდებას და არა მხოლოდ წარსულს უხდის ხარკს, ჩვენი ჰიმნის ტექსტშიც წერია. ოქტომბერში უნდა დავამტკიცოთ, რომ რესპუბლიკური მომავალი, ანუ ევროპულ ცივილიზაციასთან წილნაყარი მომავალი სწორედ ის არჩევანია, რომლისთვისაც საქართველოს შვილებმა უკვე დიდი ფასი გადავიხადეთ და ამ გზიდან გადახვევის საშუალებას აღარავის მივცემთ, რაც არ უნდა გაუტკბეთ ძალაუფლება.

მოვიდა დრო, დემოკრატიის სასწორი გავაწონასწოროთ და ამას მხოლოდ ჩვენი ხმებით შევძლებთ.

 


ჯაბა დევდარიანი

62 views

Comments


bottom of page