top of page

რას ელის ევროკავშირი ქართველი ხალხისგან?



26 ოქტომრის არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა ეტაპზეა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახლა, რას ელიან ჩვენი მეგობრები ჩვენგან და რამდენად გვაქვს საქართველოს პროევროპული კურსის შენარჩუნების შანსი - ამ საკითხებზე ქართველ დიპლომატსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელს, გიგი გიგიაძეს ვესაუბრეთ.

 


რა არის ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი და რატომ არის ამ  შესაძლებლობის გამოყენება ახლა ასე გადამწყვეტი?

 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან და ბუნებრივად განაგრძობს ჩვენი სახელმწიფოს, ერის ევროპასთან ინტეგრაციის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ევროპული ცივილიზაციის ნაწილად. წარმატებული, ერთიანი ევროპის იდეა ვერასდროს იქნება სრულფასოვანი საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერასდროს იპოვის საკუთარ ადგილს სხვაგან, ევროპის გარდა. ის შესაძლებლობა, რომელიც ახლა გაეხსნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, სრულიად უნიკალური გამონაკლისია ჩვენს უახლეს ისტორიაში. აქამდე არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ორი წლის წინ რუსეთის პირდაპირმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და ამის შედეგად განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა უპრეცედენტო შესაძლებლობა გაუხსნა ასოცირებულ ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, უკვე მიმდინარე წელსვე დაგვეწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა რუსულმა კანონმა და ბოლო წლებში უწყვეტად მიმდინარე ანტიევროპულმა რიტორიკამ, ეს შესაძლებლობა გაგვიჩერა.     

 

შეგიძლიათ ახსნათ ჩვენი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის წევრობის ხელიდან გაშვების რისკები და შედეგები?

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელიდან გაუშვებს ამ ისტორიულ შანსს და განაგრძობს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკას, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ ჩვენთვის ეს ფანჯარა უკვე დიდი ხნით დაიხურება. უკრაინა და მოლდოვა გააგრძელებენ საკუთარ წინსვლას ევროკავშირისკენ, მაშინ როდესაც საქართველო აღმოჩნდება იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც, მრავალი წელია, ზოგ შემთხვევაში, ათწლეულებია აქვთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რეალურად წინ არ მიდიან. ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია, ისევ შეიცვალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება გაფართოების საკითხისადმი და ამ რეალობის შეცვლა ისეთივე რთული იქნება, როგორც ეს იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე.

 

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე და იმაზე, რომ საუკეთესო მეგობრებიც კი ლამის მტრებად გვიქციეს?

 

პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა საიმისოდ, ჩვენი ქვეყნისთვის მოულოდნელად წარმოქმნილი შესაძლებლობით რომ ესარგებლა, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა ჩვენ ეს ერთჯერადი, ისტორიული შანსი დაგვეკარგა. 

 

რას ელის ევროკავშირი ქართველი ხალხისგან ოქტომბერში?

 

ევროკავშირის მოლოდინია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირებს საკუთარ ნებას და ცალსახად მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენ ქვეყნის ევროპული განვითარების მოდელს. ისინი ელიან, რომ ქართველი ხალხი აღარ მისცემს მოტყუების უფლებას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რეალურად არა მხოლოდ შეაფერხა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ უკვე ღიად ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით ხელმძღვანელობს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ძალიან მკაფიო წყალგამყოფი საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ წარსულში დაბრუნებასა და ევროპულ მომავალს შორის. მათთვის, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, არჩევანი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.  

 

 რამდენადაა დამოკიდებული ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობები ოქტომბრის არჩევნებზე?

 

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უახლოეს მომავალში. საქართველოს ხელისუფლებაში პროევროპული ძალების დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას და უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ხელიდან უშვებს ამ შესაძლებლობას და გაურკვეველი დროით რჩება იზოლაციაში.

 

როგორ უნდა გადაარჩინოს ქართველმა ამომრჩეველმა ოქტომბერში საქართველოს ევროპული მომავალი, რა არის ამისთვის საჭირო?

 

წელს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი მივიდეს არჩევნებზე ხმის მისაცემად და მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისადმი. არასდროს, ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე, თითოეული ამომრჩევლის ხმას არ ჰქონია ასეთი მნიშვნელობა, როგორიც მას ექნება მიმდინარე წლის ოქტომბერში. რეალურად ამ არჩევნებზე გადაწყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამიტომ, არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ ეს მომავალი წაგვართვას.   

 

თქვენი აზრით, არჩევნების შემდეგ, რამდენადაა შესაძლებელი, ევროკავშირთან და ამერიკასთან კარგი ურთიერთობა ისევ სწრაფადვე აღვადგინოთ?

 

იმედი მაქვს, რომ პროევროპული პოლიტიკური ერთობის, ან პროევროპული კოალიციის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველო საკმაოდ სწრაფად შეძლებს ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენას, ვინაიდან, რეალურად სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, არაერთხელ დადასტურებული სურვილსი, გაცხადებული ნება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება, რომელსაც ბოლო პერიოდია, ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მიმართულია მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები ძალიან მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი და პატივს სცემენ ჩვენს არჩევანს. შესაბამისად, საქართველოში ეროვნული პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ძალიან ადვილი იქნება ჩვენი ურთიერთობების ბუნებრივ, ახლო მეგობრულ და პარტნიორულ რეჟიმში დაბრუნება.  

 

რა შეგიძლიათ უთხრათ  იმ  ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა და საერთოდ მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში?

 

უპირველ ყოვლისა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში და ამაზე ზემოთ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა მივცეთ ხმა, ვფიქრობ, აქ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: გვსურს თუ არა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და უწყვეტად უზრუნველვყოთ ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობა, თუ გვსურს, რომ საქართველოში დაბრუნდეს წარსულის განუკითხაობა და რუსული სტილის უკანონობა? ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი იქნება.        

 

 

 

 

37 views

コメント


bottom of page