top of page

ევროპული არჩევანის ეკონომიკური შედეგები რამდენიმე ციფრი და ფაქტი განსჯისთვის


2014 წელი იდგა. თბილისში რამდენიმე ახალგაზრდამ კომპანია დააფუძნა და სულ მალე საქართველოში ცხოველების სახლების სერიული წარმოება დაიწყო. 2015 წელს ძაღლების, კატების, ჩიტების ქართული სახლები უკვე გერმანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პოლონეთის დახლებზე იყიდებოდა. ევროპულ ბაზარზე აღმოჩნდა, მაგალითად, საქართველოში მცირე მეწარმის მიერ გამოშვებული ბუხრის რკინის აქსესუარებიც.


ამ კონკრეტული იდეების განხორციელებას 2014 წელს ბიძგი მისცა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმებამ. შედეგად, 2015 წელს, ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში თითქმის გაორმაგდა და 28%-ს მიაღწია. თუმცა 2019 წლის შემდეგ, ჯერ პანდემიამ, მერე უკრაინის ომმა და საქართველოში ამის შემდეგ წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქვეყანა უფრო მარტივად მისაწვდომი, მაგრამ უფრო არასტაბილური, მერყევი და პოლიტიზებული ბაზრისკენ შემოაბრუნა.  


ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც მინიმუმ, ამ ბაზარზე შეუქცევადს გახდის პოზიტიურ საექსპორტო ტენდენციას. დსთ-ს სივრცის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე სამჯერ და მეტჯერ უფრო მსყიდველუნარიანი 450 მილიონი ევროპელი შეძლებს შეიძინოს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია. საქართველოს ბიზნესმენს კი არ ექნება სადარდებელი, რომ საექსპორტო ბაზრის ქვეყანა ომს დაიწყებს მეზობლის, ან საერთოდ, მსოფლიოს წინააღმდეგ, რამე ავანტიურაში ჩაერთვება, ან, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, სანქციებს დაუწესებს და ისეთ დღეში ჩააგდებს, როგორც, მაგალითად, რუსეთმა ჩააგდო ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის ექსპორტი 2006 წელს, ან რაც რუბლის უეცარმა დევალვაციამ დამართა იმავე ბიზნესს 2014-2015 წლებში ყირიმის მოვლენების გამო.  


ამ ბაზრის ათვისებას და მეტ ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის დახმარებების მთელი სპექტრი უწყობს ხელს: საერთაშორისო დახმარების მექანიზმი (pre-accession assistance) გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთანავე იხსნება.  სტრუქტურულ და გაწევრიანების ფონდებზე წვდომა კი ქვეყნებს გაწევრიანების შემდეგ მიეცემათ. 2014-2020 წლებში, ამ ფონდებიდან ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში 351,8 მილიარდი ევრო დაიხარჯა, 2021-2027 წლებში - 400 ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.


მაგალითად, პოლონეთში, გაწევრიანების შემდეგ (2004 წლიდან) ამ ფონდებით ევროკავშირის მილიარდობით ევრო დაიხარჯა რკინიგზის მოდერნიზებისთვის. ERDF დაეხმარა პოლონეთს ენერგეტიკული სექტორის განახლებასა და გარემოს დაცვის გაძლიერებაში, რამაც რეალურად უზრუნველყო პოლონეთის ენერგოდამოუკიდებლობა.

ევროკავშირის CEF მექანიზმი ევროპის ქვეყნების და მის გარეთ სატრანსფორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესებას აფინანსებს;


TEN-T (ტრანს-ევროპული ნეთვორქით), მაგალითად, განხორციელდა პროექტი Real Baltica, რომელმაც, 870 კილომეტრიანი მარშრუტით, ბალტიის ქვეყნები ჰელსინკთან, ვარშავასა და, მათი გავლით, მთლიანად ევროპასთან დააკავშირა. ასევე, Orient/East-Med Corridor, რომელიც ცენტრალურ ევროპას საბერძნეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის პორტებთან აკავშირებს.

ევროპის ციფრული პროგრამა მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას აფინანსებს წევრ ქვეყანაში; ფონდი „ჰორაიზონი“ კვლევებსა და ინოვაციებს ახალისებს, რაშიც ამ ეტაპზე უკვე ჩართული ვართ, ნაწილობრივ, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყანა.


სოფლის განვითარების და ურბანული განვითარების ევროპული ფონდები კი, რეგიონებისა და ქალაქების განვითარებას ისახავენ მიზნად და ა.შ.

კიდევ ერთი შედეგი ინვესტიციების მაჩვენებლების ზრდაა. მაგალითად, პოლონეთში, გაწევრიანებიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიო საინვესტიციო ანგარიშის თანახმად (UNCTAD, World Investment Report), 14 მილიარდ ევროზე მეტი საერთაშორისო ინვესტიცია შევიდა.


ამ ყველაფრის მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთი, ცალკე აღებული მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მიღწევაა. ამის მნიშვნელოვანი საზომი კი ერთ სულ მოსახლეზე არსებული მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ):  


2004 წლის 1 მაისს ესტონეთი ლიეტუვასთან, ლატვიასთან, პოლონეთთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად გახდა ევროკავშირის წევრი, რასაც მომდევნო წლებში მშპ-ს ზრდის ნახტომისებური ზრდა მოჰყვა - ესტონეთი (2004: $7,800; 2005: $9,600; 2006: $12,100/ერთ სულ მოსახლეზე); ლატვია (2004: $5,900; 2005: $7,300;  2006: $9,300); ლიტვა (2004: $5,800; 2005: $7,500; 2006: $9,500); პოლონეთი (2004: $6,400; 2005: $7,300; 2006: $8,500). 2023 წლისთვის, მსოფლიო ბანკის სტატისტიკით, ამ ქვეყნებში 1 სულ მოსახლეზე არსებული მშპ შეადგენს ესტონეთში $29,823-ს; ლატვიაში - $23,184.3-ს; ლიტვაში - $27,102.8-ს; პოლონეთში - $22,112-ს. ინფორმაციისთვის, საქართველოში იგივე მონაცემი 2023 წელს $8120-ია; მაგალითად, რუსეთში, რომელიც ნავთობითა და წიაღისეულით უმდიდრესი ქვეყანაა - $13817; ბელორუსში, რომლის ეკონომიკური წარმატების შესახებ საქართველოში ზოგჯერ უყვართ საუბარი - $7829. ამასთანავე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რუსეთის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებისგან განსხვავებით, ჯინის ინდექსის თანახმად, ქვეყნის მშპ, ანუ კეთილდღეობა, ყველაზე თანაბრად არის გადანაწილებული მოქალაქეებს შორის.


ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს გადაადგილების თავისუფლება შესაძლებლობას აძლევს დასაქმდეს მეზობელ ქვეყანაში; დაზღვევის არსებული მექანიზმი შესაძლებლობას იძლევა სამედიცინო მომსახურება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მიიღოს; საშუალო პენსია, ევროკავშირის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაშიც კი, მინიმუმ 3-ჯერ და მეტჯერ აღემატება ევროკავშირის მიღმა დარჩენილი ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს მაჩვენებლებს; ევროპული სტანდარტით პროდუქციის წარმოება მოქალაქეს მავნებელი პროდუქციისგან იცავს; ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ჩართვა კი ღირსეული არსებობისა და ცხოვრების, მათ შორის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობას ქმნის, რაც არის კიდეც ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. ეს გზა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა უკვე გაიარეს. საქართველოს მყარი არჩევანის დაფიქსირება და ამ გზაზე სვლის გაგრძელება ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

თამარ ხორბალაძე

 

 

 

  

107 views

Comments


bottom of page