top of page

რას გვიკეთებს ევროკავშირი?


ევროკავშირი კეთილდღეობის გაერთიანებაა, რომელიც ბევრი რამითაა გამორჩეული, მათ შორის იმითაც, რომ არა მხოლოდ წევრ ქვეყნებზე ზრუნავს, არამედ, არც სამეზობლოს ივიწყებს და მათ სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა თუ ფინანსური დახმარება სხვადასხვა სფეროში. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ერთია - ევროკავშირმა ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების სტაბილურობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას.


რა გაუკეთებია ამ წლების მანძილზე ევროკავშირს საქართველოსთვის, იკითხავს მავანი, ჰოდა, ამ კითხვის საპასუხოდ, ამ და მომდევნო ნომრებში, შევეცდებით მარტივად და გასაგებად გადმოგცეთ ამბავი ევროკავშირის მიერ საქართველოში გაკეთებული საქმეების შესახებ, რომელიც ათჯერ და ასჯერ მეტი გახდება, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს და ევროკავშირის წევრობისკენ გასავლელ გზას დაადგება. ამჯერად, იმაზე მოგითხრობთ, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.


ევროკავშირი ცდილობს მის მეზობლად მყოფ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც უწილადოს ის ეკონომიკური კეთილდღეობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი, რომელიც დაარსების დღიდან, უკვე თითქმის 70 წელია მისი თანმდევია. ამ ქვეყნების ჩამონათვალში, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოც შედის.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა 1992 წლიდან იწყება და ამავე წლიდან იწყება ევროგაერთიანების მიერ საქართველოს ხელშეწყობა. ჯერ კიდევ შავ-ბნელი 90-იანების დასაწყისში, როცა საქართველო განვითარების რთულ გზას გადიოდა, ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას პროგრამა TACIS-ის ფარგლებში უდიდეს დახმარებას უწევდა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მოსამართლეთა მომზადება; სტრუქტურული რეფორმები ენერგეტიკულ სექტორში; პარლამენტის ინსტიტუციური მშენებლობა; საჯარო მოხელეთა მომზადება; ქუთაისსა და თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; ტურიზმის სტრატეგიის განვითარება და ა.შ. 1992–2006 წლებში ევროკომისიამ TACIS-ის ფარგლებში საქართველოში ასობით პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, 131 მილიონამდე დახმარება გამოყო.


2007 წელს კი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო, რაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროების რეფორმირებას მოხმარდა. სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში 2007-2010 წლების საერთო ბიუჯეტმა 120 მლნ ევრო შეადგინა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ. ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა.


მას შემდეგ წლები გავიდა, საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდა და ეს ფინანსური დახმარებაც ბევრად გაიზარდა. დღეს ევროკავშირი საქართველოს უდიდესი ხელშემწყობია და ქვეყნის რეფორმების გეგმისა თუ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, გრანტების სახით ყოველწლიურად 120 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს.


ყველამ, ჩვენს რეგიონში რომ მიმოვიხედოთ, უამრავი რამაა, რაშიც ევროკავშირს თანხა ჩაუდვია ჩვენი კეთილდღეობისთვის, დაწყებული ქუჩების, გზებისა თუ სკვერების მოწყობით, გაგრძელებული საბავშვო ბაღებისა თუ სკოლების რეაბილიტაციითა და დამთავრებული მოსახლეობისთვის სუფთა სასმელი წყლის მიწოდებით, აღარაფერს ვამბობთ ათასობით ქართველზე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებით უცხოეთში განათლების მიღება თუ საქართველოშივე საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეძლო. ეს უზარმაზარი დახმარებაა ჩვენი ქვეყნისთვის, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი ამ ყველაფერს ისე აფინანსებს, რომ ჩვენ ჯერ მათი წევრიც კი არ ვართ.


ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს რეგიონებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, რაც, საბოლოო ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მაგალითისთვის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათეულობით პროექტი განხორციელდა და ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებაზეა მორგებული.


ეს ჩვენი ნაწერი რომ მარტივად გასაგები იყოს, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ იმისა, თუ რა გააკეთა ევროკავშირმა მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში და თან, მხოლოდ ერთ რეგიონში, კახეთში:

  • მანავის ციხესთან დამაკავშირებელი 2 კმ გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშესაწყობისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის;

  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხორნაბუჯის ციხესთან დამაკავშირებელი 3 კმ გზის რეაბილიტაცია;

  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ახალი საბავშვო ბაღის აშენება;

  • ვაშლოვანის ბიოსფერულ რეზერვატში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის;

  • თელავის ცენტრში QR კოდების დაყენება ტურიზმის განვითარებისთვის;

  • თელავში მშვიდობის პარკის მშენებლობა, ქალაქში სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის;

  • გურჯაანის ტექნოლოგიურ პარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის წარდგენა, ადგილობრივი სტარტაპების გადამზადებისა და განვითარებისთვის;

  • ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია, ყვარელში ტურიზმის განვითარებისთვის;

  • ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ეთნო-მუზეუმისა და 1.6 კმ გზის რეაბილიტაცია, ტურიზმის ზრდის და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის;

  • ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია;

  • ლაგოდეხში ჯიმი მაისურაძის სახელობის პარკის და სპორტული მოედნის მშენებლობა;

  • ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, ევროკავშირი საქართველოში, სხვადასხვა პარტნიორების მონაწილეობით, 160-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.


გაზეთის მომდევნო ნომრებში ასევე მოგითხრობთ, თუ რა დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა თუ სხვა სფეროებში.


724 views
bottom of page